Profile cover photo
Profile photo
POG
22 followers
22 followers
About
POG's posts

Post has attachment
Public
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორები მოსახლეობას შეხვდნენ

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორები ჩხოროწყუს რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე, პროკურორებმა და ჩხოროწყუს მკვიდრებმა რაიონში არსებულ პრობლემატურ თემებზე, ოჯახში ძალადობის შესახებ, მასთან ბრძოლის მექანიზმებზე და პროკურატურის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე, ასევე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში პროკურატურის როლსა და დანაშაულის პრევენციის საკითხებზე ისაუბრეს. პროკურორებმა მოქალაქეებისთვის საინტერესო ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.
ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას და დანაშაულის პრევენციას.


Photo

Post has attachment
Public
საქართველოს პროკურატურამ ამერიკელ მწერალს და იურისტს სკოტ ტუროვს უმასპინძლა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამერიკელ მწერალს და იურისტს სკოტ ტუროვს უმასპინძლა. სკოტ ტუროვი პროკურატურის სისტემის მენეჯერებს, პროკურორებს, გამომძიებლებსა და სტაჟიორებს შეხვდა და უდანაშაულობის პრეზუმფციაზე, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე, სამოქალაქო ვალდებულებებსა და სამართლის სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ ესაუბრა.
აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაზე საუბარი ტუროვის შემოქმედებასაც შეეხო და აღინიშნა, რომ მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია „შესავალი სამართალში” (One L), რომელსაც ყოველწლიურად 30 000 მკითხველი ყიდულობს და განსაკუთრებული პოპულარობით იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებში სარგებლობს. ასევე, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მხატვრული ფილმი ,,უდანაშაულობის პრეზუმფცია“, რომელიც სკოტ ტუროვის ანალოგიური დასახელების ნაწარმოების მიხედვით არის გადაღებული.
სკოტ ტუროვთან შეხვედრა დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო საკითხებზე გამომსვლელის გამოცდილება გაეზიარებინათ.



Photo

Post has attachment
Public
სასამართლომ აშშ-ს მოქალაქის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ ჭინჭარაშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 108-ე მუხლით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 12 აგვისტოს, საღამოს საათებში თელავი-ფშაველი-თუშეთის საავტომობილო გზაზე მთათუშეთისკენ ფეხით მიმავალ საქართველოში სტუმრად მყოფ ტურისტს, უცხო ქვეყნის მოქალაქე ფრიტზ ვოლფგანგ მუსსერს დაემგზავრა მიხეილ ჭინჭარაშვილი. დაახლოებით 20:00 საათზე, გზის მე-18 კილომეტრზე, მიხეილ ჭინჭარაშვილსა და ფრიტზ ვოლფგანგ მუსსერს ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ, რა დროსაც მიხეილ ჭინჭარაშვილმა ფრიტზ ვოლფგანგ მუსსერს, მოკვლის მიზნით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში 16 ჭრილობა მიაყენა, მათ შორის რამდენიმე გულმკერდის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ფრიტზ ვოლფგანგ მუსსერი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა მიხეილ ჭინჭარაშვილი 13 აგვისტოს მთათუშეთის გზაზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ ჭინჭარაშვილი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით.



Photo

Post has attachment
Public
გურჯაანის და სიღნაღის რაიონული პროკურატურების ორგანიზებით მუდმივმოქმედი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა

გურჯაანის და სიღნაღის რაიონული პროკურატურების ორგანიზებით, პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ ფარგლებში მუდმივმოქმედი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას საქართველოს მთავარი პროკურატურის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ყვარლის, ლაგოდეხის და საგარეჯოს შინაგან საქმეთა სამმართველოების, გამგეობების და რესურსცენტრების, პრობაციის ეროვნული სააგენტოს და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის კოორდინატორმა, საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს პროკურორმა ნინო ცაციაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ მიზნებისა და ფუნქციების შესახებ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა საქართველოს პროკურატურის მიერ მომზადებული კვლევები ოჯახში ძალადობისა და 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის თემაზე. ასევე განხილულ იქნა გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ყვარლის, ლაგოდეხის და საგარეჯოს რაიონებში გავრცელებული დანაშაულების გამომწვევი მიზეზები, სასჯელის სახედ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენების საკითხი და პრევენციული ღონისძიებები.
პროექტის მიზანია აღნიშნულ რაიონებში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის შესწავლა, განხილვა, ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება.
გურჯაანის და სიღნაღის რაიონული პროკურატურების ორგანიზებით, ადგილობრივი საბჭო პერიოდულად შეიკრიბება და რაიონებში არსებულ კრიმინოგენურ მდგომარეობას განიხილავს. ასევე, შეიმუშავებს ინიციატივებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს საჭირო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.


Photo

Post has attachment
Public
პროკურატურამ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ე.წ. ,,ფოტორეპორტიორების საქმეზე“, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების ფაქტზე დაკავებულ იქნა საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ.თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება მისი ბრალდების შესახებ.
ამავდროულად, პროკურატურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ფოტორეპორტიორების: გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათელა გედენიძეების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის თაობაზე და პროკურატურა მათ მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენების დადგომას მოითხოვს.
აღნიშნულ საქმეზე, პროკურატურის მიერ ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამ საქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის შემდეგაც გამოვლენილ იქნენ ამ დანაშაულში ჩართული საჯარო მოხელეები და თავის მხრივ დადასტურდა ფოტორეპორტიორების უდანაშაულობა მათთვის წარდგენილ ბრალდებაში.
გარდა ამისა, პროკურატურამ საიდუმლო გრიფის მიმნიჭებელ უწყებებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად მოახდინა ფოტორეპორტიორების საქმის ყველა ძირითადი მასალის და დოკუმენტის განსაიდუმლოება, რის შემდეგაც მოგვეცა საშუალება საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც აქამდე არ იყო ცნობილი და ასევე გავაცნოთ ახალი გამოძიებით დადგენილი მნიშვნელოვანი ფაქტები.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, ევროპის პრეს სააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე აქტიურად აშუქებდნენ 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის დროს მომიტინგეების დარბევის და სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებს, რასთან დაკავშირებითაც მათ მიერ გადაღებულმა ფოტოებმა მსოფლიოს წამყვან პრეს სააგენტოებში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რაც ნეგატიურად აისახებოდა იმჟამინდელი ხელისუფლების რეიტინგზე.
სწორედ ამ ფაქტით გამოწვეული ხელისუფლების უკმაყოფილების შედეგად, ანგარიშსწორების მიზნით, 2011 წლის 7 ივლისს, შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდებით, ღამის საათებში, საგანგებოდ ჩატარებული სპეცოპერაციის გზით, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დაკავებული იქნენ ზურაბ ქურციკიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ნათელა გედენიძე.
ფოტორეპორტიორების დაკავებამდე, შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ახორციელებდა ზურაბ ქურციკიძის სატელეფონო საუბრების ფარულ მიყურადებას. ზურაბ ქურციკიძე 2004 წლიდან დღემდე მუშაობს ევროპის პრეს სააგენტოს ,,ეპა“-ს ფოტორეპორტიორად, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ფრანკფურტში, ხოლო ამიერკავკასიის მასშტაბით ქ.მოსკოვში. თავისი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე ზურაბ ქურციკიძეს ხშირი სატელეფონო საუბრები ჰქონდა ხსენებული სააგენტოს თანამშრომლებთან, რომელთაც ხელშეკრულების საფუძველზე, ჰონორარის სანაცვლოდ უგზავნიდა როგორც მის მიერ გადაღებულ ფოტოსურათებს, ასევე ამ სააგენტოს სტრინგერების - უშტატო თანამშრომლების: ირაკლი გედენიძის და გიორგი აბდალაძის მიერ გადაღებულ ფოტოებსაც.
სწორედ, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი გედენიძის და გიორგი აბდალაძის მიერ განხორციელებული - ფოტორეპორტიორობა დაედო საფუძვლად სამართადამცავების მხრიდან მათი ჯაშუშობის ბრალდების ლეგენდის შექმნას.
კერძოდ, გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდების თანახმად, 2004 წელს ზურაბ ქურციკიძე ქ.მოსკოვში სამსახურებრივი მივლინების დროს გასამრჯელოს დაპირების საფუძველზე კონფიდენციალური თანამშრომლობისთვის გადაბირებული იქნა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლების მიერ. მათი ორგანიზებით ზურაბ ქურციკიძე თითქოს სისტემატიურად უგზავნიდა ევროპის პრეს სააგენტოს თანამშრომლებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ფოტოებს და მასალებს, რომლებსაც ქურციკიძე მოიპოვებდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოპერატორის ირაკლი გედენიძის და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ფოტოგრაფის გიორგი აბდალაძისგან, რომლებმაც თითქოსდა იცოდნენ ქურციკიძის რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ. გამოგონილი ბრალდების თანახმად ფოტოგრაფების მიერ შექმნილ ჯაშუშურ ქსელს დახმარებას ასევე უწევდა ირაკლი გედენიძის მეუღლე, ფოტოგრაფი ნათელა გედენიძე.
სამართალდამცავების მიერ ხსენებული ბრალდებით ფოტორეპორტიორების დაკავებას საზოგადოებაში და საერთაშორისო მასშტაბით დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თბილისში დაიწყო პერმანენტული აქციები ფოტორეპორტიორების გათავისუფლების მოთხოვნით. იმჟამინდელი ხელისუფლება მასმედიის და საზოგადოების წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. საზოგადოება პროკურატურისგან საქმის გასაჯაროებას და უკანონოდ დაკავებული ფოტორეპორტიორების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდა.
ყოველივე ამის შედეგად, სამართალდამცავებმა დაიწყეს ფოტორეპორტიორების მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა და შანტაჟი, რათა შედეგად მათ მიეღოთ აღიარებითი ჩვენებები, რომელსაც გაასაჯაროებდნენ, საზოგადოებას შეიყვანდნენ შეცდომაში და ამ გზით შეეცდებოდნენ საპროტესტო ტალღის ჩაცხრომას.
ამ მიზნით, დაკავებულების დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანისთანავე, მათთან არაოფიციალურად შედიოდა საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ.თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი სხვა თანამშრომლებთან ერთად, რომლებიც მოსალოდნელი ციხის მძიმე პირობების და მათი ოჯახის წევრებისთვის პრობლემების შექმნის მუქარით დაჟინებით ითხოვდნენ ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობასთან დაკავშირებით აღიარებით ჩვენებაზე ხელის მოწერას. ამას დაემატა ისიც, რომ დაკავებულ ნათელა გედენიძეს დავით დევნოზაშვილმა წარუდგინა სახლის ჩხრეკის დროს კომპიუტერიდან უკანონოდ მოპოვებული ფოტო და აღიარებითი ჩვენების არ მიცემის შემთხვევაში დაემუქრა მისი საჯარო სივრცეში გავრცელებით, რის შედეგადაც ნათელა გედენიძე გახდა ცუდად და დასჭირდა ექიმის დახმარება. აღნიშნული ფოტო ასევე აჩვენეს დაკავებულ ირაკლი გედენიძეს და დაემუქრნენ მისი გავრცელებით.
განხორციელებულ ზეწოლას ვერ გაუძლეს ცოლ-ქმარმა ნათელა და ირაკლი გედენიძეებმა და ისინი იძულებული გახდნენ ხელი მოეწერათ სამართალდამცავების მიერ წინასწარ შეთხზული ცრუ აღიარებითი ჩვენებისთვის, რის შემდეგაც ნათელა გედენიძე გაათავისუფლეს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან, ხოლო ირაკლი გედენიძეს სამომავლოდ შეპირდნენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას და გიორგი აბდალაძესთან და ზურაბ ქურციკიძესთან ერთად გადაიყვანეს სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში.
ციხეში ფოტორეპორტიორების შეყვანისთანავე, საპყრობილის დირექტორის ალექსანდრე მუხაძის ორგანიზებით და დახმარებით სამართალდამცავების მხრიდან მათ მიმართ გაგრძელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რასაც სისტემატიური ხასიათი ჰქონდა. მათ საკნებში არ ქრებოდა შუქი და საკნები აყვანილი იყო მუდმივ ვიდეო კონტროლზე. ალექსანდრე მუხაძის დავალებით პატიმრები აჰყავდათ ციხის ადმინისტრაციაში, სადაც დავით დევნოზაშვილი სხვა თანამშრომლებთან ერთად აგრძელებდა მუქარას აღიარებითი ჩვენების მისაღებად. საბოლოოდ, განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, 8 დღის შემდეგ, ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძეც დაითანხმეს აღიარებითი ჩვენების მიცემაზე, მათ საგანგებოდ შეასწავლეს სამართალდამცავების მიერ წინასწარ დაწერილი ჩვენება, რასაც მთელი ღამის განმავლობაში ამეორებინებდნენ დაკავებულებს, რათა ადვოკატების თანდასწრებით არაფერი შეშლოდათ. მეორე დღეს კი მათი დამცველი ადვოკატების მონაწილეობით ვიდეოკამერაზე ჩაწერეს აღიარებითი ჩვენებები, რასაც ადვოკატების მწვავე პროტესტი მოჰყვა. საქმის წარმატებით დასრულებას სწორედ ადვოკატების მიერ გამოთქმული პროტესტი უშლიდა ხელს. აქედან გამომდინარე, გიორგი აბდალაძეს და ზურაბ ქურციკიძეს დააწერინეს განცხადებები და უარი ათქმევინეს მათ დამცველ ადვოკატებზე, რის შემდეგაც პროკურატურის მაღალჩინოსნების მოთხოვნით და რეკომენდაციით საქმეში სხვა ადვოკატები ჩაერთვნენ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ზურაბ ქურციკიძესთან, გიორგი აბდალაძესთან, ირაკლი და ნათელა გედენიძეებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაში.
სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, კი ფოტორეპორტიორებს მკაცრად აუკრძალეს ამ თემაზე ყოველგვარი საუბარი საჯარო სივრცეში.
კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი დაკავებულია საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ხოლო N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 8 წლამდე ვადით.
აღნიშნულ საქმეზე საქართველოს მთავარი პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას ამ დანაშაულში ჩართული სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების გამოსავლენად.
გარდა ამისა, უკანონოდ გასამართლებული ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის, ირაკლი და ნათელა გედენიძეების მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების არსებითად დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც ჩვენ მივმართავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით.

Photo

Post has attachment
Public
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ბათუმში სამუშაო შეხვედრა გამართეს

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ევროპის საბჭოსა და საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ქ.ბათუმში სამუშაო შეხვედრა გამართეს.
სასტუმრო „ჰილტონში“ გამართული ღონისძიება საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მრჩეველმა სამართლის საკითხებში მაიკლ გრანტმა გახსნეს.
ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული და სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები გაეცნენ გასული წლის სტატისტიკურ მონაცემებს, 2017-2021 წლების პროკურატურის მუშაობის სტრატეგიას, პროკურორთა მუშაობის შეფასების ახალ სისტემას, ადამიანის უფლებების დაცვის, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის და მოქალაქეებთან კომუნიკაციის საკითხებს, პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და მედიასთან ურთიერთობის სტრატეგიას.
შეხვედრაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს ნაფიცი მსაჯულების მიერ განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სტრატეგიაზე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის, კომპიუტერული მონაცემების მოპოვების თავისებურებებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებულ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე.
შეხვედრის ფარგლებში პროკურორებმა განვლილი საპროკურორო საქმიანობა შეაფასეს. გაიმართა დისკუსია მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე და განისაზღვრა პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები.

Photo

Post has attachment
Public
სასამართლომ ბრალდებულ ს. ღვინიაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სარდიონ ღვინიაშვილი დამნაშავედ სცნო მეუღლის ნ.ს.-ს განზრახ მკვლელობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'-108 -ე მუხლით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 15:45 საათზე, ქ.თბილისში, ელდარის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სარდიონ ღვინიაშვილმა ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს ნ. ს.-ს დანით ყელს არეში მიაყენა ჭრილობა. მიღებული ჭრილობის შედეგად ნ.ს. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა სარდიონ ღვინიაშვილი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11'-108-ე მუხლით (ოჯახური ძალადობით ჩადენილი განზრახ მკვლელობა) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სარდიონ ღვინიაშვილი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


Photo

Post has attachment
Public
სასამართლომ ბრალდებულ ა.ფეტიძეს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არჩილ ფეტიძე დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარებისთვის, სხვისი ნივთის დაზიანებისთვის და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და 261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ 2016 წლის 14 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. ბათუმში მელიქიშვილის ქუჩაზე არჩილ ფეტიძემ, ადრე არსებული უთანხმოების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, „ტოიოტა“-ს მარკის ავტომანქანაში საჭესთან მჯდომ ირაკლი აბუსერიძეს, უკანონოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის, მუცლისა და კიდურების არეში 7 ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა ირაკლი აბუსერიძე სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სროლის შედეგად დაზიანდა ირაკლი აბუსერიძის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა.
სამართალდამცველებმა არჩილ ფეტიძე 16 მაისს ქ. ბათუმში დააკავეს. პირადი ჩხრეკისას მას 0,26 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერება დიაზეპამი აღმოაჩნდა. არჩილ ფეტიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება), 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ არჩილ ფეტიძე დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


Photo

Post has attachment
Public
თელავის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით მუდმივმოქმედი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა

თელავის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ ფარგლებში მუდმივმოქმედი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას საქართველოს მთავარი პროკურატურის, თელავისა და ახმეტის შინაგან საქმეთა სამმართველოების, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების გამგეობების, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, თელავისა და ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრების, კახეთის რეგიონში სახალხო დამცველის და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისების, ქ. თელავში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების: „კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა ბავშვთა კეთილდღეობისთვის“, „ბემონი“ ნარკომანიის პრევენციის თელავის რესურსცენტრის და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის კოორდინატორმა, საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს პროკურორმა ნინო ცაციაშვილმა და თელავის რაიონულმა პროკურორმა ირაკლი ჩაჩანიძემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ მიზნებისა და ფუნქციების შესახებ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა საქართველოს პროკურატურის მიერ მომზადებული კვლევები ოჯახში ძალადობისა და 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის თემაზე. ასევე განხილულ იქნა თელავისა და ახმეტის რაიონებში გავრცელებული დანაშაულების გამომწვევი მიზეზები, სასჯელის სახედ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენების საკითხი და პრევენციული ღონისძიებები.
პროექტის მიზანია თელავისა და ახმეტის რაიონებში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის შესწავლა, განხილვა, ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება.
თელავის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ადგილობრივი საბჭო პერიოდულად შეიკრიბება და რაიონებში არსებულ კრიმინოგენურ მდგომარეობას განიხილავს. ასევე, შეიმუშავებს ინიციატივებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს საჭირო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

Photo

Post has attachment
Public
სასამართლომ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ სცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N4-ე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი ინსპექტორი კობა ანთია და ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი მთავარი ინსპექტორი ონისე ლაგვილავა დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირების მიმართ.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2009-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის N4 დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში, კობა ანთიას და ონისე ლაგვილავას მხრიდან სისტემატიურად ადგილი ჰქონდა პატიმართა დამცირებას, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას. დაწესებულებაში შეყვანისთანავე ხდებოდა პატიმართა უმრავლესობის გაშიშვლება, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, მათი უმოწყალოდ ცემა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, დაშანტაჟება და მუქარით თანამშრომლობაზე დაყოლიება.
კობა ანთიას და ონისე ლაგვილავას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამნისტიის აქტის გამოყენებით შეუმცირდათ დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახით განესაზღვრათ 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე 2 წლისა და 3 თვით ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება.


Photo
Wait while more posts are being loaded